სახელიანი ივლიდეთ!

            გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე _ მოდის... ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია; ენა თაობიდან თაობას გადაეცემა, და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის: ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს.

            ენის საშუალებით გადაეცემა შემდგომ თაობას, რაც წინა თაობას ცოდნა-გამოცდილება დაუგროვებია. ეს რომ არა, კულტურის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა.

            ბუნებრივია, რომ ყოველ ადამიანს უყვარს თავისი ენა, უყვარს დედა-ენა.

ასევე ბუნებრივია სხვის ენას პატივისცემით ვეკიდებოდეთ: “სხვისი ენააკი ვიღაცისთვის დედა-ენაა.

            რა თქმა უნდა, ვისაც თავისი ენა არ უყვარს, სხვისი ენის პატივისცემას ვერ დაიჩემებს, მისთვის ყველა ენა ერთია: ის კოსმოპოლიტია და არა _ ინტერნაციონალისტი.

            ქართულ ენაზე მდიდარი მწერლობა მოგვეპოვება. ეს მწერლობა ჩვენი კულტურის დიდი ძალაა, თუკი მკითხველი და, პირველ რიგში, ახალგაზრდობა მას სათანადოდ მოეკიდება.

            ქვეყანას სჭირდება განათლებული ახალგაზრდობა. ზერელე ცოდნა, უვიცობა პატრიოტული ვერ იქნება...

            დიდი მოვალეობა აწევს, კერძოდ, ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკებს: განავითარონ ის დარგები, სადაც აქამდე ძლიერი სკოლა და სამეცნიერო ტრადიციები არ შექმნილა, ხოლო იქ, სადაც გარკვეული ტრადიციები მოგვეპოვება, წავიდეთ წინ ახალი მიღწევებისაკენ: კარგს უკეთესი უნდა შეემატოს.

            ნიჭიერი ახალგაზრდა ჩვენში საძებარი არ არის. ნიჭს დამჯდარი შრომის უნარი უნდა ზურგს უმაგრებდეს. ეს კი ხშირად გვაკლია.

            შრომა ყველა დარგს, ყოველ საქმეს ესაჭიროება. მშრომელი ახალგაზრდობა ქვეყნის ბურჯია, ხალხის ნათელი მომავლის საფუძველია.

            გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს ახალგაზრდობლას შრომაში, სწავლაში, კიაკაცობაში!

სახელიანი ივლიდეთ ცხოვრების გზაზე!

არნ. ჩიქობავა