ტოგო გუდავა

(1922-1976)

დაიბადა ქ. სენაკში. 1938 წელს დაამთავრა ცხაკაიას საშუალო სკოლა, ხოლო 1945 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება. 1945_1948 წლებში იგი სწავლობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში კავკასიური ენების სპეციალობით. 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და იმავე წელს მუშაობა დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო 1950 წლიდან იგი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. 1964 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1966 წლიდან კი იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი იყო. ტ. გუდავა წლების მანძილზე თანმშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში.
ტოგო გუდავა ავტორია 60-მდე ნაბეჭდი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის ოთხი ისეთი მნიშვნელოვანი მონოგრაფიისა, როგორიცაა: «ხუნძურ და ანდიურ ენათა ზმნური ფუძეების შედარებითი ანალიზი“ (1959), «ბოთლხური ენა“ (1963), «ანდიურ ენათა კონსონანტიზმი“ (1964), «ბაგვალური ენა“ (1971). ტოგო გუდავას გამოკვლევათა უმრავლესობა ეძღვნება დაღსტნის ენათა როგორც აღწერით, ისე შედარებით-ისტორიულ შესწავლას. მასვე ეკუთვნის დაღესტნის რიგი უმწერლობო ენის პირველი მეცნიერული აღწერა (ბაგვალური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ტინდიური). მისი ინტერესების სფეროში შემოდიოდა, აგრეთვე, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის საკითხები. უკანასკნელ წლებში იგი ნაყოფიერად მუშაობდა ქართველური ენების ისტორიული ფონეტიკისა და მორფოლოგიის პრობლემებზე, რასაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა.
განსაკუთრებული ადგილი ეკავა ტ. გუდავას მეცნიერულ შემოქმედებაში ქართული ფოლკლორისა და შედარებითი ქართველური ლექსწყობის საკითხებს, რაც აისახა მის ბოლოდროინდელ გამოკვლევებსა და, კერძოდ, წიგნში «ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება“.მისმა ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანა დაღესტნისა და, საერთოდ, იბერიულ-კავკასიურ ენათა მეცნიერული შესწვალის საქმეში. ტ. გუდავას გამოკვლევების შედეგები ფართოდაა ცნობილი უცხოეთის სამეცნიერო წრეებში. ტ. გუდავა იყო რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს წევრი.
წლების მანძილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგი კითხულობდა ლექციებს სხვადსხვა საენათმეცნიერო დისციპლინაში («ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკა“, “ხუნძური ენა“, «ზანური ენა“);ტ.გუდავამ დიდი ამაგი დასდო დაღესტან-საქართველოს სამეცნიერო და კულტურული კონტაქტების განმტკიცების საქმეს, რისთვისაც მას მიენიჭა დაღესტნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი.
ტოგო გუდავა გარდაიცვალა 1976 წელს.

შრომები:

აორისტის დაბოლოების ზოგიერთი საკითხი მეგრულში. - ენამეცნ. ინს-ტის XXIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1968, გვ. 10-11.
ატრიბუტულ სახელთა ისტორიისათვის ხუნძურში. - იკე, 1979, ტ. 21, გვ. 189-193. - რეზ. რუს. ენაზე.
ბაგისმიერი თანხმოვნები ჩქამიერთა წინ მეგრულში. - "საენათმეცნირო კრებული", თბ., 1979, გვ. 81-88. - რეზ. რუს. ენაზე.
ბრუნების ორი ტიპის ისტორიული ურთიერთმიმართებისათვის ხუნძურ-ანდიურ ენებში. - იკე, XIII, თბ., 1962, გვ. 267-274. - რეზ. რუს. ენაზე.
ერთი აფხაზური თანდებული ზანურში. - სმამ, ტ. 8, N_ 3, 1947, გვ. 187-189.
ვ*უ ბგერათშეფარდებისათვის ქართულსა და მეგრულში. - ენამეცნ. ინს-ტის XIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1957, გვ. 10.
ზანური (მეგრულ-ჭანური) სრულხმოვანების ახსნის ცდა. - სმამ, ტ. XI, N_ 7, 1950, გვ. 463-467.
გამყრელიძე თ. თანხმოვანთკომპლექსების აგებულებისათვის მეგრულში. - ენამეცნ. ინს-ტის XXVI სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1970, გვ. 21-22.
კავკასიის ენობრივ რუკასთან. - ჟურნ. "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში", 1976, N_ 4, გვ. 74-77.
კნინობითის სუფიქსები მეგრული გვარის სახელებში. - ენამეცნ. ინს-ტის XXVIII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1972, გვ. 11-12.
მახვილის ადგილისათვის მეგრულში. - თსუ კრებ., გიორგი ახვლედიანი, 1967, გვ. 106-111.
მახვილის როლისათვის ქართული ლექსის სტრუქტურაში. - კრებ. "აღმოსავლური ფილოლოგია", IV, 1976, გვ. 103-110.
მერცხალი. - იკე, XIV, 1964, გვ. 143-145. - რეზ. რუს. ენაზე. სიტყვა "მერცხლის" ეტიმოლოგია.
იხ. წერეთელი კ., მით ვუ სინამდვილე?
ნამყო დროის -უნა დაბოლოების შესახებ ხუნძურ ზმნაში. - თსუ შრ., B-3, 1972, გვ. 43-45. - რეზ. რუს. ენაზე.
ო-ს უ-ში გადასვლის ზოგიერთი შემთხვევა ზანურ (მეგრულ-ჭანურ) ენაში. - სმამ, XXV, N_ 1, 1960, გვ. 119-122.
რეგრესული დეზაფრიკატიზაციის ერთი შემთხვევა ზანურში (მეგრულ-ჭანურში). - სმამ, ტ. 33, N_ 2, 1964, გვ. 497-503. - რეზ. რუს. ენაზე.
იხ. ქავთარაძე ი., საყურადღებო...
-უან დაბოლოების შესახებ ზანური ენის კაუზატივებში. - ენათმეცნ. ინს-ტის XXV სამეცნ. სესია, 1969, 17-18-19 ივნისი, გვ. 12.
-უან დაბოლოების შესახებ მეგრულ კაუზატივებში. - კრებ. "საენათმეცნირო კრებული", თბ., 1984, N_ 1, გვ. 72-77.
ფუძედრეკადი ზმნები მეგრულში. - მაცნე, 1974, N_ 4, გვ. 132-138.
ქართულ-ზანური ლექსიკური ურთიერთობიდან. - ენათმეცნ. ინს-ტის XXX სამეცნ. სესია, თეზისები, 1974, 12-14 ივნისი, გვ. 15.
ქართულ-ხუნძური ლექსიკური შეხვედრების შესახებ. - სმამ, ტ. 15, N_ 10, 1954, გვ. 701-708.
ხმაბაძვის ერთი სახეობა მეგრულში. - ენათმეცნ. ინს-ტის XIV სამეცნ. სესია, თეზისები, 1958, 10-11 ნოემბერი, გვ. 15-16.
[ენათმეცნიერი, 1922-1976. ნეკროლოგი]. - გაზ. "კომუნისტი", 1976, 28 ნოემბერი, გვ. 3.
[ენათმეცნიერი, 1922-1976. ნეკროლოგი]. - მაცნე, 1977, N_ 1, გვ. 195-196.