ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება

განყოფილება ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჩამოყალიბდა 1953 წელს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა განყოფილების სახით. 1966 წელს იგი გარდაიქმნა ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებად. ეს უჯრედი შეიქმნა როგორც სამუშაო ბაზა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიისა (შეიქმნა 1953 წ.).
განყოფილების მიერ მომზადებული ნორმათა პროექტები განსახილველად წარედგინებოდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს, რომელიც მოწონების შემთხვევაში მათ დასამტკიცებლად გადასცემდა სამთავრობო კომისიას. სახელმწიფო კომისიის მიერ მიღებულ ნორმას კანონის ძალა ენიჭებოდა და სავალდებულო ხდებოდა ქართული სალიტერატურო ენის ყველა მომხმარებლისათვის.

1953-1982 წლებში განყოფილების ხელმძღვანელობდა ივანე გიგინეიშვილი, ხოლო 1982-2006 წლებში შუქია აფრიდონიძე. 2006 წლის დამლევს კონკურსის წესით არჩეულ იქნა თამარ ვაშაკიძე.

სხვადასხვა დროს განყოფილებაში მუშაობდნენ: ნინო აბესაძე, ლია ლეჟავა, გიორგი შალამბერიძე, კლარა გაგუა, თამარ გვერდწითელი, თამარ ზურაბიშვილი, ვიოლა კალანდაძე, ცირა კალაძე, მარინე კერესელიძე, ვახტანგ მაღრაძე, ასმათ პაპიძე, მანანა ტაბიძე, თინათინ ღვინაძე, მანანა შალამბერიძე, მერი შინჯიაშვილი, ნელი ცქიტიშვილი, ნინო ჯორბენაძე.
ივ. გიგინეიშვილის მიერ მომზადდა და 1970 წელს მისივე რედაქტორობით გამოიცა “თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები” (კრებული პირველი), რომელშიც შესულია ნორმათა დამდგენი სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმები.

მოგვიანებით დამტკიცებული ნორმები ქვეყნდებოდა სპეციალურ ბიულეტენებში, რომლებიც საფუძვლად დაედო ნორმების ორ კრებულს.
ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დამკვიდრებას დიდად შეუწყო ხელი ვ. თოფურიას და ივ. გიგინეიშვილის მიერ შედგენილი ქართული ენის ვრცელი ორთოგრაფიული ლექსიკონის გამოცემამ (1968), რომელსაც წინ უსწრებდა სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის სამი გამოცემა (1941, 1946, 1949). 1998 წელს გამოიცა ახალი, შევსებული და შესწორებული ლექსიკონი.

განყოფილება ამზადებდა და სერიულად გამოსცემდა კრებულს “ქართული სიტყვის კულტურის საკითხები”. აქ დაბეჭდილი სტატიების საფუძველზე ხდებოდა ნორმათა პროექტების შემუშავება. დღემდე გამოქვეყნებულია 12 წიგნი.

მეტყველების კულტურის განყოფილება აქტიურად თანამშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის (ქსე) სამეცნიერო რედაქციასთან. ივ. გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა სატრანსკრიფციო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა საკუთარი სახელების დაწერილობა, არაქართულ სახელთა ქართულად გადმოცემის წესები. ამ მასალის საფუძველზე გამოიცა სათანადო ორთოგრაფიული ლექსიკონები:
1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (შემდგენელი კონა გიგინეიშვილი), 1985;
2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედ. ივ. გიგინეიშვილი და სხვ.), 1986;
3. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (შ. აფრიდონიძისა და თ. ზურაბიშვილის რედაქტორობით), 1987;
4. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედ. ალ. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი), 1989;
5. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედ. ალ. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი), 1989.

განყოფილების თანამშრომლები რეგულარულად აქვეყნებდნენ სამეცნიერო-მეთოდიკურ წერილებს ჟურნალში ,,ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში’’, აქტიურად თანამშრომლობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის ქართული ენის კაბინეტთან “ქართული ენის საუნჯე”. მათი მონაწილეობით რედაქცია გაუკეთდა სხვადასხვა სასკოლო სახელმძღვანელოს.

განყოფილება ატარებდა ლექცია-სემინარებს, რომლებზედაც განიხილებოდა პრესაში გამოქვეყნებული მასალა და მათ საფუძველზე მუშავდებოდა რეკომენდაციები. განყოფილების თანამშრომლები ეწევიან საკონსულტაციო მუშაობას სხვადასხვა დაწესებულებასა თუ ორგანიზაციასთან. ინსტიტუტის ზოგიერთ განყოფილებასთან თანამშრომლობით მუშავდება რეკომენდაციები სამეცნიერო თუ ტექნიკური ტერმინების, სხვადასხვა საქმიანი ქაღალდების, ტრაფარეტებისა და მსგავსი მასალის ლიტერატურული ენის გასამართავად. ფუნქციონალური სტილისტიკის საკითხები განყოფილების მუდმივი მუშაობის სფეროს წარმოადგენს (სამეცნიერო ლიტერატურის ენა, კერძოდ, საქმიანი სალიტერატურო ენა, მხატვრული ლიტერატურის ენა...).

განყოფილების თანამშრომლები ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობასაც სხვა დასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და საშუალო სკოლაში, აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში.

წლების მანძილზე განყოფილების თანამშრომელთა მიერ შექმნილია მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები.

ივ. გიგინეიშვილი:
ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვ. თოფურიასთან ერთად), 1968;
სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვ. თოფურიასთან ერთად), 1941, 1946, 1949;
რუსუდანიანი (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ი. აბულაძესთან ერთად, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ივ. გიგინეიშვილმა), 1957;
ქართული დიალექტოლოგია, I (ვ. თოფურიასა და ივ. ქავთარაძესთან ერთად), 1961;
გამოკვლევები ,,ვეფხისტყაოსნის’’ ენის და ტექსტის კრიტიკის საკითხების შესახებ, 1975;
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, VIII (ბ. ფოჩხუას თანარედაქტორობით), 1964;
თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები, I (რედ.), 1970;

კონა გიგინეიშვილი
,,ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი’’ (თანარედაქტორი), 1985;
საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (1987) (რედ.);
კრებ. “ქართული სიტყვის კულტურის საკითხები” (რედ.), I – 1972; II – 1979; III – 1980; IV-1981; V-1983

გ. შალამბერიძე:
ქართული მართლწერა (1958, 1961, 1965, 1984);
უტკბესი და უმწარესი, 1958;
მეტყველების კულტურის საკითხები, 1964;
ილია ჭავჭავაძის ენა (1966);
ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა (რ. გაბეჩავასთან ერთად), 1974;
ქართული სწორმეტყველების სწავლების ზოგიერთი საკითხი, 1980;
ქართული ენის სწავლების საკითხები სკოლაში, 1982;
პედაგოგიკის ძირითად ცნებათა მოკლე განმარტებანი, 1987;
პედაგოგიკის ტერმინოლოგია (ავქს. მიშველაძესთან ერთად), 1988;
მწერლის ენაზე დაკვირვება სკოლაში, 1990.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის საკითხები, 1993.

ლ. ლეჟავა:
ივანე გიგინეიშვილი, 1986.
ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ისტორია და პრინციპები, 2004;

ნ. აბესაძე:
გრამატიკის საკითხები XXI საუკუნის ქართულ პერიოდულ გამოცემებში (1960)

შ. აფრიდონიძე:
სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში, 1986;
საბჭოთა კავშირის გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედ. ზურაბიშვილთან ერთად), 1987;
საქართველოს სსრ ტოპონიმია. ტ. I. ზემო იმერეთი (თანაშემდგენელნი: ი. ბაქრაძე, ვ. ჯოჯუა), 1987.
ჩვენი ენა ქართული, 2002 (დამხმარე სახელმძღვანელო).
საქართველოს ტოპონიმია. ტ. III. ქვემო იმერეთი (თანაშემდგენელნი: ვ. ჯოჯუა, მ. კემულარია), 2003.
ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი (თანარედაქტორი), 2002.
რედაქტორი კრებულისა “ქართული სიტყვის კულტურის საკითხები: VI _ 1984, VII _ 1985, VIII _ 1988, IX _ 1989, X _ 1993, XI _ 1998, XII _ 2004.მმ

ც. კალაძე:
ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, ტ. II.1961, ტ. III, 1964. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ვარიანტები და შენიშვნები დაურთო ც. კალაძემ);

ლ. არდაზიანი, თხზულებანი (ტექსტი გამოსცა ც. კალაძემ), 1964;
ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. IV, 1968 (ტექსტი გამოსცა ც. კალაძემ);

ნ. ცქიტიშვილი:
კრებული ,,აჭარის ხალხური პოეზია’’, (თანაშემდგენელი), 1969;
კრებული ქართული (აჭარული) ზღაპრები (ბათუმი, 1973; თანაშემდგენელი).

თ. ზურაბიშვილი:
საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (თანარედაქტორი), 1987;
ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი (თანარედაქტორი), 2002.

თ. ღვინაძე:
ქართული ზმნის ვნებითი გვარის ფორმათა სტილისტიკა, 1989.

ვ. კალანდაძე:
ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი (თანარედაქტორი), 2002.

მ. შინჯიაშვილი:
ათანასი ალექსანდრიელის ”ანტონის ცხოვრება” იბეჭდება.

ვ. მაღრაძე:
ქართველური ჰიდრონიმები,თბ.2004;
ქართველური ტოპონიმებისა და გვარ-სახელების წარმოება და ურთიერთმიმართება, თბ. 2006

მ. ტაბიძე:
საქართველოს სოციოლინგვისტური სიტუაცია საქართველოში, 2006.

 

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების სამეცნიერო განვითარების გეგმა

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება მოწოდებულია იმისათვის, რომ წარმოადგენდეს ქართული სამწიგნობრო (სალიტერატურო) ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაციის პროცესის მარეგულირებელ განყოფილებას, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და პრაქტიკულად ჩამოაყალიბებს ქართულ ენაში (რომელიც საქართველოს სახელმწიფო ენაც გახლავთ) მიმდინარე პროცესებს (დარგობრივი ენების, მასმედიის ენის, მხატვრული ლიტერატურის ენის, სასკოლო სახელმძღვანელოთა ენისა და ენობრივი რეალიზაციის სხვა გამოვლინებათა თვალსაზრისით).

განყოფილებას შიდასაინსტიტუტო რეფორმის საფუძველზე ეყოლება ორი მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (აქედან ერთი _ განყოფილების გამგე), ერთი უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და სამი უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი (სულ 6 საშტატო ერთეული). ცხადია, თანამშრომელთა ესოდენ შეზღუდული რაოდენობით ძნელია მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან ენობრივ პრობლემათა გადაწყვეტა, ამიტომ პირველი რიგის ამოცანად წარმოჩნდება საკვლევ საკითხთა ნუსხის შედგენა პრიორიტეტთა მიხედვით და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ამ რიგის შესაბამისად განაწილება.

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება თავის საქმიანობას წარმართავს თეორიული და პრაქტიკული მიმართულებით:
I. თეორიული კვლევა გულისხმობს თანამედროვე ენობრივი ვითარების ანალიზს, მაგალითად:
1. მასმედიის ენა და ნორმობრივი რეკომენდაციები;
2. სახელმძღვანელოების ენა და ნორმობრივი რეკომენდაციები;
3. დარგობრივი მეტა-ენები და ნორმობრივი რეკომენდაციები;
4. ორთოგრაფიული ვარიანტების შეფასებისა და ნორმად ჩამოყალიბების პრობლემები;
5. ტრანსკრიპფციისა და ტრანსლიტერაციის საკითხები გახშირებული ენობრივი კონტაქტების ვითარებაში;
6. ნასესხობათა საკითხი;
7. სტილისტიკის საკითხები;
8. ისეთი თეორიული საკითხების დამუშავება, როგორიცაა ახლადწარმოქმნილ ლექსიკურ ერთეულთა კუმშვა-კვეცის, მრავლობითი რიცხვის, საკუთარ სახელთა (უცხო ენებიდან შემოსული სახელების) დაწერის, ოფიციალური დოკუმენტების სტანდარტების დადგენის, თარგმნილი ინფორმაციის ქართულად გაწყობის, პოლიტიკური ტერმინოლოგიის, კანონთა ენის, საქმიანი ურთიერთობების ენის, ენობრივი ეტიკეტისა და სხვა პრობლემათა გააზრება და სტანდარტიზაცია;
9. ქართული ენის ნორმალიზაციის ისტორიის საკითხებზე მუშაობის გაგრძელება და სხვ.

თეორიული კვლევა წარმოადგენს ბაზას პრაქტიკული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი ისეთი ლექსიკონებისა და ცნობარებისათვის, რომლებიც დროულად და მართებულად დააკმაყოფილებს საზოგადოებრივ მოთხოვნილებას ენობრივ ნორმებზე და ხელს შეუწყობს ამ ნორმების უნიფიკაციას, რომლის საშუალებითაც გაგრძელდება ქართული სამწიგნობრო ენის შესწავლისა და ფუნქციონიების მდიდარი ტრადიციები.

II. პრაქტიკული სამუშაოები:
1. სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის მომზადება;
2. მუდმივგანახლებადი ორთოგრაფიული ლექსიკონის ელექტრონული და ბეჭდვითი ვერსიების მომზადება;
3. აბრევიაციათა ლექსიკონის მომზადება;
4. პირთა სახელების ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონის მომზადება;
5. ფრაზეოლოგიური ლექსიკონის მომზადება;
6. სინტაგმათა ორთოგრაფიული ლესიკონის მომზადება (მსგავსად ქსკს-ს VII ტომისა);
7. ლინგვისტური ექპერტიზის სამსახურის ამოქმედება (იგულისხმება ჟურნალისტიკის, კრიმინალისტიკისა თუ საკანონმდებლო სფეროებში წარმოქმნილი ენობრივი წინააღმდეგობები და ენობრივი კონფლიქტები) და ლინგვისტ-ექსპერტთა მომზადება;
8. ქართული სიტყვის კულტურის საკითხების მომდევნო ტომებზე მუშაობა და სხვ.
9. საზაფხულო სკოლის ორგანიზება უცხოელთათვის.

საკვლევ და სალექსიკონო სამუშაოთა თუნდაც ეს მცირე ჩამონათვალი ცხადყოფს, რომ განყოფილება ინტენსიურად ითანამშრომლებს არნ.ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხვა განყოფილებებთან და კონკრეტულ მკვლევრებთან. განსაკუთრებული ყურადრება მიექცევა ტანამშრომლობას იმ ჯგუფებთან, რომლებიც ქართული ენის კომპიუტერულ მოდელირებაზე მუშაობენ. ქართული ენის სპელჩეკერზე (მართლწერის შესამოწმებელი კომპიუტერული პროგრამა) მუშაობისას გამოვლინდა მთელი რიგი ორთოგრაფიული საკითხები, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ არის შესწავლილი. ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის საფუძვლიანი განახლება და შევსება უნდა მოხდეს ქართული ენის მორფოლოგიური და სინტაქსური სპელჩეკერების დამუშავების კვალდაკვალ. თანამედროვე მომხმარებლისათვის აუცილებელია როგორც ორთოგრაფიული ლექსიკონების, ასევე ქართული სალიტერეტურო ენის ნორმების ელექტრონული ვერსიების სახით მიწოდება. ამ მიზნით მეტყველების კულტურის განყოფილება აქტიურად ითანამშრომლებს ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილებასთან, სადაც მომზადდება სპეციალური ცნობარები ინსტიტუტის ვებ-გვერდზე განსათავსებლად, რაც ხელს შეუწყობს ქართული ენის ნორმების დაცვას ნებისმიერი მომხმარებლის საქმიანობის ყველა სფეროში. საჭირო გახდება საგრანტო პროექტებისა და სპონსორების მოძიება, კვლევისა და გამოცემებისათვის მნიშვნელოვანი თანხების მოპოვება.

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება ყოველთვის იყო და სამომავლოდაც უნდა დარჩეს ქართული ენის (სახელმწიფო ენის) სახელმწიფო კომისიის საბაზო ორგანიზაციად.
მისი ამოცანაა:
ა) ენობრივი ნორმების მომზადება და კომისიისათვის წარდგენა;
ბ)საზოგადოებისათვის ენობრივ ნორმებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
გ) ქართული ენის სიწმინდის დაცვის პროპაგანდა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შემუშავება.
ქართული მეტყველების განყოფილება დაამყარებს კავშირს საქართველოს პარლამენტის ენის კომისიასთან, ტელე-რადიო მაუწყებლობებთან, გამომცემლობებთან, რათა მუდმივი თანამშრომლობის გზით ჩააბას ეს უწყებები ქართული ენის სიწმინდის დაცვის საქმეში.
დ) განყოფილების ბაზაზე აუცილებელია ე.წ. «ცხელი ხაზის” ამოქმედება, რომელიც ენობრივ ნორმებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ოპერატიულ და ზუსტ პასუხს გასცემს საზოგადოებას.

ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება დაამყარებს კავშირს საქართველოს პარლამენტის ენის კომისიასთან, ენის პალატასთან, ტელე-რადიო მაუწყებლობებთან, გამომცემლობებთან (იხ. სქემა), რათა მუდმივი თანამშრომლობის გზით ჩააბას ეს უწყებები ქართული ენის სიწმინდის დაცვის საქმეში.
დღეს მთელ მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენის სიწმინდის დაცვას.

ენობრივი სტანდარტებისა და პურიზმის, ბილინგვური პრობლემების, თარგმანის დისკურსული პრობლემებისა და ორთოგრაფიული ლექსიკონების თაობაზე ყოველწლიურად ასობით კონფერენცია თუ სემინარი იმართება. განყოფილების გეგმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობას; კონფერენციებისა და პრობლემურ საკითხებზე საზოგადოებასთან შეხვედრების ორგანიზებას. განყოფილების თანამშრომლები აქტიურად ჩაებმებიან საინსტიტუტო კვლევათა იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავშირებული ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან.

2006 წლის კონკურსის შედეგად სამეცნიერო თანამდებობები დაიკავეს:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
1. თინათინ ღვინაძე.

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
2. ვახტანგ მაღრაძე.

მეცნიერი თანამშრომელი
3. ნინო ჯორბენაძე;
4. თეა ტეტელოშვილი;
5. შუქია აფრიდონიძე (0,5 საშტატო ერთეული);
6. მანანა ტაბიძე (0,5 საშტატო ერთეული).