სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილება

1921 წელს საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებით განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბდა სახელმწიფო სამეცნიერო საბჭო, რომელსაც სხვა საკითხებთან ერთად ტერმინოლოგიური საკითხების მოგვარებაც მიენდო. საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ივანე ჯავახიშვილი. საბჭოს მიზანი იყო სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიურ სალექსიკონო მასალაზე მუშაობა, ძირითადი მეთოდოლოგიური პრინციპების შემუშავება, დამოკიდებულების შეცვლა უცხო ენებიდან მომდინარე სიტყვების მიმართ.
1925 წელს სამეცნიერო საბჭო გადაკეთდა განათლების სახალხო კომისარიატის საბჭოსთან არსებულ ცენტრალურ სამეცნიერო ტერმინოლოგიურ კომიტეტად. კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა ვუკოლ ბერიძე. ცენტრალური სამეცნიერო სატერმინოლოგიო კომიტეტი მეცნიერებისა და ტექნიკის ძირითადი დარგების შესაბამისად იყოფოდა საზოგადოებათმცოდნეობის, ენისა და ლიტერატურის,Fფიზიკა-მათემატიკის, ტექნიკურ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა და პედაგოგიური ხელოვნების სექციებად. ცენტრალური სამეცნიერო ტერმინოლოგიის კომიტეტის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა დიდი კოლექტივი, მათ შორის- ა. ჯანელიძე, ნ. მუსხელიშვილი, ა. დიდებულიძე, ა. ბენაშვილი, ა. ხარაძე, გ. გედევანიშვილი, ვ. ყიფშიძე, ვ. კუპრაძე…და სხვ. 1932-36 წლებში კომიტეტის სწავლული მდივანი იყო არნ. ჩიქობავა. ცენტრალური სამეცნიერო სატერმინოლოგიო კომიტეტს შემუშავებული Hჰქონდა დებულება მასალის ამოწერისა და მოგროვებისა. კომიტეტის მიერ იმ დროისათვის დამუშავებული ლექსიკონები სწორედ ამ დებულების გათვალისწინებით იყო შედგენილი.
1936 წელს ცენტრალური სატერმინოლოგიო კომიტეტი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებად გადაკეთდა. 1939 წელს სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება შეუერთდა ლექსიკოლოგიის განყოფილებას, რომელსაც ვ. თოფურია ხელმძღვანელობდა.
1941 წელს, მეცნიერებათა აკადემიის შექმნის დღიდან სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება, ლექსიკოლოგიის განყოფილებასთან ერთად, ენათმეცნიერების ინსტიტუტის შემადგენლობაში შევიდა. 1943 წლიდან სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება კვლავ გამოეყო ლექსიკოლოგიის განყოფილებას და მის ხელმძღვანელად დაინიშნა ვუკოლ ბერიძე.
ტერმინოლოგიურ ლექსიკონზე მუშაობდნენ ენათმეცნიერები, ხოლო სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს იწვევდნენ გარკვეული ორგანიზაციებიდან იმისდა მიხედვით, თუ რა დარგის ტერმინოლოგია მუშავდებოდა. ტერმინოლოგიურ განყოფილებაში მომზადდა ენთმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემული ორი კრებსითი ლექსიკონი (სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგია_1959 წ. და ტექნიკური ტერმინოლოგიები 1957 და 1977 წლის გამოცემები.)
გამოცემულია ვაჭრობის, ეკონომიკის, საქონელმცოდნეობის, ზოოლოგიის, სილიკატების, ქიმიისა და ტექნოლოგიის, პოლიგრაფიის, ნავთობის მრეწველობისა და შუქტექნიკის, სამშენებლო, ნიადაგმცოდნეობის, ტექნიკის ტერმინოლოგიური ლექსიკონები.
1954 წლიდან Dდღემდე ამ განყოფილებას ხელმძღვანელობდნენ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი რ.ღამბაშიძე, პროფ. ნ. ქემერტელიძე, ი. ჯიბუტი. სხვადასხვა დროს სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში მუშაობდნენ ს. იორდანიშვილი, პ. ხუბუტია, თ. ქიქოძე, რ. ჩუბინაშვილი, ე. ქავთარაძე, ლ. ნადარეიშვილი, ლ. კაიშაური, გ. სიხარულიძე, ა. ონიანი, დ. აბულაძე, ნ. ჯალაბაძე,ლ. ბერიაშვილი, მ. ოსაძე, ნ. მუზაშვილი, ნ. დათეშიძე, მ. ჯანდაგაშვილი, თ. კაციტაძე, ლ. ჭელიძე, რ. ჩხებკელი.
განყოფილების თანამშრომელთაგან სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები დაიცვეს: ლ.გელენიძემ ”ადამიანის ანატომიასთან და ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ლექსიკა ძველ ქართულში”, თბ. 1971; თ.სალარიძემ – ”ალგეთის ხეობის ქართლური”, თბ. 1974; რ. ჩხენკელმა- ”ქართული ხალხური სამშენებლო ლექსიკა, როგორც საფუძველი ამავე დარგის სამეცნიერო ტერმინოლოგიისათვის”, თბ. 1988; მ. ოსიძემ- ”თვისების აღმნიშვნელ უცხო წარმომავლობის ტერმინთა მორფოლოგიური გაფორმების საკითხები ქართულ სამეცნიერო ტერმინოლოგიაში.” თბ. 1988; ნ. ქემერტელიძემ-”პრედიკატული ეპითეტის ლინგვო-ეპითეტური მექანიზმი”, 1995; ნ.მუზაშვილმა-”ნასახელარი ზმნები ძველ ქართულში”, 1993; რ. ღამბაშიძემ- ”ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები”. მანვე 1988 წელს გამოაქვეყნა ”ქართული ენის ინგილოური კილოს ლექსიკონი”.
ლექსიკოგრაფიული მუშაობის პარალელურად განყოფილება ასრულებს დიდ საკონსულტაციო სამუშაოებს. კერძოდ, განყოფილების თანამშრომლები სისტემატიურად ეხმარებიან დაწესებულებებსა და კერძო პირებს ახალი ცნებების შესატყვისი ტერმინების დადგენასა და უკვე შემუშავებული ტერმინების დაზუსტებაში.ამგვარი წესით განხილვისთვის განყოფილებაში წარმოდგენილია ასობით და ათასობით ტერმინი. თანამშრომლებს უხდებათ არა მხოლოდ ცალკეულ ტერმინთა ზუსტი ქართული შესატყვისების მოძიება და შექმნა, არამედ ნაირგვარი ტექსტის (სახელმწიფო თუ რესპუბლიკური სტანდარტები, სხვადასხვა საქმიანი ქაღალდების, ბლანკებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის) ქართულად თარგმნა.
სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობენ საინსტიტუტო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო-სამეცნიერო სესიებსა თუ კონფერენციებში.
. 2006 წელს სამეცნიეო ტერმინოლოგიის განყოფილებას შეუერთდა თარგმნითი ლექსიკონების განყოფილება,რომელიც 1957 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ლომთათიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა.განოფილებას ამოცანად დაესახა თარგმნითი ლექსიკოგრაფიის დარგში სათანადო სპეციალისტების მომზადება და ორენოვანი ლექსიკონების შედგენა. თავდაპირველად განყოფილება რვა თანამშრომლისაგან შედგებოდა: ნინო საყვარელიძე, რუსუდან გაგუა, ნინო ვაჩნაძე, ლია კაიშაური და მარიამ ნედოსპასოვა, ლატავრა ღვალაძე, მაკა დგებუაძე, მზია მრევლიშვილი, ალექსანდრე კობახიძე.
ახალშექმნილი განყოფილების თანამშრომლები ჩაებნენ რუსულ-ქართული ლექსიკონის II_III ტომების კორექტურის სწორებაში (ლექსიკონის II ტომი გამოვიდა 1958წ, ხოლო III ტომი -1959 წ.) ამის შემდეგ დაისახა განყოფილების მუშაობის პერსპექტიული გეგმები.
განყოფილებას დაევალა რუსულ-ქართული სამტომეული ლექსიკონის ბაზაზე დაემუშავებინა და შეედგინა დაახლოებით 50 ათასი სიტყვის შემცველი ერთტომეული რუსულ-ქართული ლექსიკონი. ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიაში შევიდნენ აკად. ქ. ლომთათიძე, (სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე), ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატები: რ. გაგუა, ნ. ვაჩნაძე, ლ.კაიშაური, მ. მრევლიშვილი, ნ. საყვარელიძე. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ განიხილა და დაამტკიცა ლექსიკონის შედგენის ინსტრუქცია.
განყოფილება მუშაობდა რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონების საილუსტრაციო ფონდების შექმნაზე. ამ ფონდების მასალა ამოწერილია 1) რუს მწერალთა თხზულებიდან და ამ თხზულებათა ქართული თარგმანებიდან და 2) ქართველ მწერალთა თხზულებიდან და ამ თხზულებათა რუსული თარგმანებიდან. განყოფილებამ შებრუნებით ამოწერა ცალკე ბარათებზე თბილისის უნივერსიტეტის მიერ 1937 წ. გამოცემული სამტომეული რუსულ-ქართული ლექსიკონი. 1976წ. ლექსიკონი გადაეცა გამომცემლობა,,საბჭოთა საქართველოს’’. ობიექტური მიზეზების გამო იგი მხოლოდ 1983 წელს გამოვიდა.
ერთტომეული რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენისთანავე დაიწყო სამზადისი ქართულ-რუსული ლექსიკონის შესადგენად. ლექსიკონის შედგენა დაევალათ ნ. ვაჩნაძეს, ნ. გვარამაძეს, ლ. კაიშაურს, ა. კობახიძეს, ც. ლორთქიფანიძეს, ნ. მირიანაშვილს, მ. მრევლიშვილს, ნ. საყვარელიძეს, ლ. შაბალინას. ქართულ-რუსული ლექსიკონის შედგენასთან ერთად განყოფილებამ მოამზადა ვრცელი რუსულ-ქართული ლექსიკონი.
თარგმნითი საქმიანობის პარალელურად განყოფილების თანამშრომლებმა ნ. ვაჩნაძემ და ნ. მირიანაშვილმა გამოაქვეყნეს მონოგრაფიები:ნ. ვაჩნაძემ -,,ზოგიერთი რუსული პრევერბიანი ზმნის ქართულად გადმოცემის საშუალებანი. (რუსულ-ქართული ლექსიკონების მიხედვით), 1980 წელს კი ნ. მირიანაშვილმა - ,,ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში’’.
სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების გამგედ 2006 წლის აირჩიეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე.

კონცეფცია

ენათმეცნიერების ინსტიტუტში ორი განყოფილების გაერთიანებით ახალი _ სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების _ განყოფილება შეიქმნა. ეს არის ლექსიკოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უბანი, სადაც მუშაობა, ძირითადად, ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს: ტერმინთშემოქმედება და თარგმნითი ლექსიკონების შექმნა.

პრობლემები:

ტერმინების შესახებ საუბრისას შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს შუასაუკუნეებში არსებული პრობლემა _ ტერმინთშემოქმედების ისეთივე სწრაფი პროცესი, ისეთივე აქტიური მოთხოვნა სამეცნიერო ტერმინებისა. ეს ფუნქცია მაშინდელმა სამეცნიერო კულტურულმა ცენტრებმა იკისრეს. ქართველმა ფილოლოგებმა მოზღვავებული ბერძნული სამეცნიერო ტერმინების, ახალი ცნებების შესატყვისი ქართული ტერმინოლოგია შექმნეს, რომელიც ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის საფუძველს წარმოადგენს დღესაც.
ვინ ქმნის სამეცნიერო (თუ არასამეცნიერო) ტერმინოლოგიას, ვის აკისრია იგივე ფუნქცია დღევანდელ საქართველოში?
ბოლო წლების ქაოსურმა მდგომარეობამ, შეიძლება ითქვას, ტერმინოლოგიის შემოქმედების პროცესის მიღმა დატოვა ენათმეცნიერების ინსტიტუტი. ცალკეული ჯგუფები ან პიროვნებები თავად კისრულობენ ამ ფუნქციას და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში აპრობირების გარეშე გამოსცემენ ლექსიკონებს, რომელთა შესახებ ხშირად არაფერი იციან სამეცნიერო წრეებში.
არ არსებობს ტერმინოლოგიური ლექსიკონების ბიბლიოგრაფია. არ არსებობს ბიბლიოგრაფია ასევე თარგმნითი ლექსიკონებისა. ამ სახის ლექსიკონების შექმნაც იმავე პრინციპით ხდება; უმეტესად ყოფითი მოთხოვნილებისათვის გამოსაყენებელი სიტყვანის შემცველი ორენოვანი თუ სამენოვანი ლექსიკონები მრავლად გამოიცა ამ წლების განმავლობაში

გადაუდებელი ამოცანები:

სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილებამ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს თანამედროვე ტერმინოლოგიის დანერგვის პროცესში.
არსებული პრობლემებიდან გამომდინარე ამ განყოფილების უპირატეს სამუშაოდ მიგვაჩნია:
1. დღემდე არსებული ტერმინოლოგიური ლექსიკონების აღნუსხვა, ბიბლიოგრაფიის შედგენა, მოკლე ისტორიის მიმოხილვითურთ შესავალ ნაწილში.
2. სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილებების მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი მასალის კომპიუტერული ფონდის შექმნა და შეძლებისდაგვარად გამოქვეყნება.
3. განყოფილებაში უკვე მომზადებული ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონების გამოცემა.
4. გადაუდებელ სამუშაოდ გვესახება თანამედროვე ლინგვისტურ ტერმინთა ლექსიკონის შექმნა:
I ერთი მხრივ, ლინგვისტურ ტერმინთა ქართულ-რუსულ-ინგლისური ლექსიკონი რუსული და ინგლისური სიტყვების საძიებლებით.
II მეორე მხრივ, ლინგვისტურ ტერმინთა განმარტებითი სახის ლექსიკონი, რისთვისაც, უპირველესად, უნდა შეიქმნას ლინგვისტურ ტერმინთა კომპიუტერული ბაზა.
რამდენიმე წლის წინ ჩემი წინადადებით მ. თანდაშვილმა ი. გიპერტთან ერთად დაიწყო ქართული ნაბეჭდი გრამატიკული თხზულებების კომპიუტერული ვერსიის შექმნა. შემდეგ ეს თანამშრომლობა შეწყდა. ვფიქრობთ, ამ საქმის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მით უმეტეს, გარკვეული სამუშაო უკვე შესრულებულია. შეტანილია: «სიტყუაÁ ართრონთათÂს", «კალმასობის" გრამატიკული ნაწილი, გაიოზ რექტორის, სოლომონ დოდაშვილის, თედო ჟორდანიას, დიმიტრი ყიფიანის გრამატიკული თხზულებები.
5. დღევანდელ პირობებში უაღრესად საჭირო კომპიუტერული ტერმინოლოგიის სამეცნიერო დონის ლექსიკონის შექმნა და სამეცნიერო თანამშრომლობა მეტყველების კულტურის განყოფილებასთან (თანამშრომლობა ქართული ენის ნორმათა დადგენაში).
6. თარგმნითი ლექსიკონების (ქართულ-ინგლისური, ქართულ-გერმანული და სხვ.) შექმნა.
7. ასევე _ ორ ან რამდენიმეენოვანი სასაუბროების შექმნა და გამოცემა. მეგზურის სახის სასაუბროები, რა თქმა უნდა, მრავლად არსებობს, მაგრამ ინტელექტუალური თემატიკის შემცველი არა გვაქვს.
8. განყოფილების სხდომებზე უნდა განვიხილოთ ამ წლების განმავლობაში მომრავლებულ სახელმძღვანელოებში დადასტურებული ახალი ტერმინები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მათემატიკისა და ზოგადი უნარ-ჩვევების საგნობრივი ტერმინები.

პერსპქტივები:

სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილებაში მრავალწლიან სამეცნიერო კვლევაზე გათვლილ სამუშაო პროექტებს უნდა ჩაეყაროს საფუძველი:
1. არცერთ სამეცნიერო ცენტრში დღემდე არ უკვლევიათ საგანგებოდ მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, რომელიც უაღრესად საინტერესოა ასევე არაქართველ მეცნიერთათვის. ბერძნული ენის ისტორიის თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა თითოეული სიტყვის ისტორია (ერთ უმნიშვნელო მაგალითს მოვიყვანთ: ბიბლიური ტერმინი მელოტი თავდაპირველად ხალენის სინონიმად დასტურდება ძველ ძეგლებში, მოგვიანებით კი ამ ბერძნულმა სიტყვამ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა ქართულში: «უთმო, თმაგაცვენილი").
სამუშაოს ეტაპებად დაყოფითა და კონკრეტული ამოცანების ზუსტი განსაზღვრით შესაძლებელი გახდება ქრისტიანულ ტერმინთა ისტორიული ლექსიკონის შექმნა.
2. ამ განყოფილებაშივე უნდა არსებობდეს მეცნიერული საფუძველი მთარგმნელობითი საქმიანობისათვის. ამისათვის, უპირველესად, უნდა შევქმნათ თანამედროვე ფრაზეოლოგიური ლექსიკონის ელექტრონული ვერსია.
პირველ ეტაპად, არსებული ფრაზეოლოგიური ლექსიკონებიდან უნდა გამოიყოს ხმარებიდან გამოსული, მოძველებული ფრაზები, რომლისაგან შეიქმნება ფონდი მომავალი კვლევისათვის. მაგალითისათვის იკმარებს, კოჭი ალჩუზე დადო ტიპის ფრაზა. რას ნიშნავს და რატომ გამოიყენება ეს ფრაზა ამ მნიშვნელობით, _ ამ საკითხების კვლევა სხვა ტიპის ლექსიკონთა საგანია.

მოსალოდნელი შედეგები:

1. რა თქმა უნდა, ტექნიკურ ტერმინებზე მუშაობის პარალელურად ტერმინთა ისტორიის ძიება ინდივიდუალურ სამეცნიერო კვლევასაც დაუდებს საფუძველს.
2. სამეცნიერო ტერმინოლოგიის კვლევის შედეგები აისახება სასწავლო პროცესშიც და საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის საჭირო სახელმძღვანელოთა დამუშავება-შექმნაში.
3. აღნიშნული განყოფილება უფლებამოსილი უნდა იყოს საქართველოს მასშტაბით გასცეს სათანადო რეკომენდაციები ამა თუ იმ დარგის ტერმინოლოგიის სადავო თუ შემოქმედებით საკითხებთან დაკავშირებით.
4. კომპიუტერული ტერმინოლოგიის ლექსიკონის ბაზაზე შესაძლოა შეიქმნას მოკლე სასწავლო ლექსიკონები.
5. თარგმნითი ლექსიკონების საფუძველზე შესაძლებელი იქნება სასკოლო და ასევე სხვადასხვა სახის თემატური სიტყვანის შემცველი ლექსიკონების მომზადება.
6. სასაუბროებით დავაინტერესებთ ფართო საზოგადოებას.

თანამშრომლობა

სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილება ითანამშრომლებს ინსტიტუტის სხვა განყოფილებებთან. კერძოდ,
1. კომპიუტერული ტერმინოლოგიის სამეცნიერო ლექსიკონის მასალაზე მუშაობისას განყოფილება ითანამშრომლებს მეტყველების კულტურის განყოფილებასთან. ქართული ენის ნორმათა დადგენაში მეტყველების კულტურის განყოფილებასთან ერთად სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილებაც უნდა ჩაერთოს აქტიურად.
2. ორ და რამდენიმეენოვანი ფრაზეოლოგიური ლექსიკონის შექმნისას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოძველებული ფრაზებისაგან შეიქმნება ფონდი. ლექსიკოლოგიის განყოფილების ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევის ჯგუფთან თანამშრომლობით შესაძლოა შეიქმნას ახალი ტიპის, კერძოდ, ფრაზეოლოგიის ეტიმოლოგიური ლექსიკონი.
3. ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებული ლექსიკის კვლევის დაწყების შემთხევაში აუცილებელი გახდება უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა. საბერძნეთში, კერძოდ ათენის უნივერსიტეტში, არსებობს ბერძნული ენის ისტორიის კვლევის ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს სხვადასხვა რეგიონში. გასულ წელს კონფერენცია სამხრეთ იტალიაში ჩატარდა, სადაც მიმიწვიეს მოხსენებით: «ახალი ბერძნული ენის ლექსიკა მისიონერების მიერ შედგენილ ქართულ-იტალიურ ლექსიკონში".
ვფიქრობთ, ეს ცენტრი აუცილებლად დაინტერესებდა ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის კვლევით.
შესაძლებელი იქნება საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება.

სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკოლოოგიის განყოფილება

განყოფილების გამგე
ლია ქაროსანიძე

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
1. ნათელა მუზაშვილი.

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
2. მარინე ოსაძე;
3. მაია აბალაკი.

მეცნიერი თანამშრომელი
4. ინგა ჯიბუტი;
5. ნინო დათეშიძე;
6. ნათელა მირიანაშვილი;
7. ეთერ საბანაძე;
8. ლალი ხუჭუა (0,5 საშტატო ერთეული);
9. მზია მრევლიშვილი (0,5 საშტატო ერთეული)