გამოშვებები


     ISSN xxxx-xxxx
     E-ISSN xxxx-xxxx
     Founded 2009

ქართველურ-კავკასიური ენების შესწავლის მოკლე ისტორია

ქართველური და მთის კავკასიური ენების გავრცელების ძირითადი სივრცეა კავკასიის რეგიონი. მთლიანობაში და ცალ-ცალკე ეს ენები თავისებური სტრუქტურისაა: ერგატიული ბრუნვა, აკუზატივის უქონლობა, ზმნის უღვლილება, - კლასოვანი თუ პოლიპერსონალური,  ერგატიული კონსტრუქცია... მკვლევართა ნაწილის აზრით, ამ ენებს მხოლოდ ტიპოლოგიური მსგავსება აერთიანებთ, ხოლო სხვებს, პირიქით, ისინი მონათესავე ენებად მიაჩნიათ. აღსანიშნავია, რომ ცნობილი რუსი ენათმეცნიერები ე. ბოკარიოვი და გ. კლიმოვი ერთ-ერთ წერილში წერენ: “კავკასიისმცოდნეთა მეტი წილი ვარაუდობს კავკასიურ ენათა ყველა შტოს თავდაპირველ წარმოშობითს ნათესაობას”. ამ თვალსაზრისით გამოირჩევა ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სამეცნიერო სკოლა, რომლის წიაღში შეიქმნა იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, როგორც დამოუკიდებელი მოძღვრება იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახზე.

იბერიულ-კავკასიური ენების ცნება ოთხ ენობრივ ჯგუფს მოიცავს: ქართველურს (resp. იბერიულს), აფხაზურ-ადიღურს, ნახურსა და დაღესტნურს.

ქართველური ენებია: ქართული, ზანური (მეგრულ-ლაზური) და სვანური. ისინი გავრცელებულია საქართველოში, თუმცა ლაზური ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზეა. საქართველოს  ფარგლებს გარეთ გვხვდება ქართული ენის დიალექტები: ინგილოური (აზერბაიჯანში), ფერეიდნული (ირანში), შავშურ-იმერხეული (თურქეთში).

 ქართული ძველი დამწერლობის მქონე ენაა (უძველესი წარწერები V საუკუნეს განეკუთვნება). ქართული სალიტერატურო ენა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ენას და ქართველთა კულტურული, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ერთობის ნიშანს. ქართული სახელმწიფო ენის კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიო კულტრის საგანძურს წარმოადგენს.

ქართული ზეპირი მეტყველება ისტორიულად ჩამოყალიბებულა რამდენიმე დიალექტურ ერთეულად, რომლებსაც გეოგრაფიული თუ სისტემური მსგავსება-სხვაობის მიხედვით აჯგუფებდნენ მთისა და ბარის დიალექტებად (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა), დასავლურ და აღმოსავლურ დიალექტებად (შ. ძიძიგური, ბ. ჯორბენაძე). ზოგჯერ სხვადასხვა ავტორთან დიალექტთა რაოდენობაც განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა საკლასიფიკაციო ნიშანს მიმართავს იგი. დღევანდელი ვითარებით, ქართულის დიალექტებია: ქართლური, კახური, ქიზიყური, ინგილოური (აზერბაიჯანში), იმერული, ლეჩხუმური, რაჭული, გურული, მესხურ-ჯავახური, აჭარული, იმერხეული (თურქეთში), ფერეიდნული (ირანში იმ ქართველთა მეტყველება, რომლებიც შაჰ-აბაზმა მეჩვიდმეტე საუკუნეში კახეთიდან აყარა და დაასახლა ისპაჰანის პროვინციაში), ხევსურული, თუშური, ფშაური, მთიულურ-გუდამაყრული, მოხეური.

ზანური   (resp. კოლხური) პირობითი სახელწოდებაა მეგრულისა და ლაზურის (resp. ჭანურის) ერთიანობისა. მკვლევართა ერთი ნაწილი მგერულსა და ლაზურს ერთმანეთის მიმართ განიხილავს დიალექტებად, ხოლო მეორე ნაწილი - ენობრივ ერთეულებად. არნოლდ ჩიქობავას სკოლის მონაცემებით, ისინი ერთმანეთის მიმართ დიალექტებია.

მეგრული გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში და, თავის მხრივ, კილოკავებად იყოფა: ზუგდიდურ-სამურზაყანული და სენაკურ-მარტვილური.

ლაზური მეტყველება საქართველოს ტერიტორიაზე დასტურდება სოფ. სარფში, ნაწილობრივ გონიოსა და ბათუმში (ხოფური კილოკავი). როგორც აღინიშნა, ლაზების განსახლების ტერიტორიის მეტი წილი თურქეთის შემადგენლობაში შედის, სადაც წარმოდგენილია შემდეგი კილოკავები: ათინური, ვიწურ-არქაბული და ხოფური.

სვანური ძირითადად გავრცელებული იყო ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში და მას ყოფენ შემდეგ დიალექტებად: ბალსზემოური, ბალსქვემოური (მდ. ენგურის ხეობა), ლაშხური, ლენტეხური (მდ. ცხენისწყლის ხეობა) და, ზოგიერთი კლასიფიკაციით, ჩოლურული. სვანური მეტყველება ეკომიგრაციის შედეგად დასტურდება საქართველოს სხვა რეგიონშიც (ქართლი, კახეთი...). ასევე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად მეგრული მეტყველება გვხვდება დევნილთა  განსახლების სხვა ადგილებშიც როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

მთის კავკასიურ ენებში გამოყოფენ სამ ჯგუფს: აფხაზურ-ადიღურ, ნახურ და დაღესტნურ ენათა ჯგუფებს.

აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფიდან აფხაზური ენა ძირითადად გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და მას აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი. აფხაზური მეტყველება ასევე დასტურდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც აფხაზები “მუჰაჯირობის” შედეგად დამკვიდრდნენ მე-19 ს-ის დასასრულს.

აფხაზური ენის კილოებია: (არნ. ჩიქობავას კლასიფიკაციით) სამხრული - აბჟუური (ოჩამჩირის რ-ნი) და ბზიფური (გუდაუთის რ-ნი); ჩრდილოური - აშხარული და ტაპანთური - ჩრდილოკავკასიაში. აკად. ქ. ლომთათიძის კლასიფიკაციით აბჟუური და ბზიფური აფხაზური ენის, ხოლო აშხარული და ტაპანთური აბაზური ენის დიალექტებია.

ყველა დანარჩენი კავკასიური ენა გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, თუმცა რამდენიმე მათგანის დიალექტური ნაირსახეობა დასტურდება საქართველოშიც, ისტორიული მიგრაციის შედეგად: ქისტური, იგივე ჩეჩნური - ახმეტის რაიონში, ხუნძური, კაპუჭური და უდიური - ყვარლის რაიონში. ბაცბურ ანუ წოვა-თუშურ ენაზე ლაპარაკობენ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში.

იბერიულ-კავკასიური ენების აღსანიშნავად სამეცნიერო ლიტერატურაში იხმარებოდა სინონიმური ტერმინები. ნ. მარი ამ ენების აღსანიშნავად ხმარობდა ტერმინს “იაფეტური ენები’’, ივ. ჯავახიშვილი - “ქართულ-შარომატული ენები’’, კ. ულენბეკი - “პალეოკავკასიური ენები”, ფრ. ჰომელმა კი ეს ენები მოაქცია “ალაროიდულ ენათა’’ წრეში. ქართველური ენების გვერდით იხმარება ტერმინი იბერიული (ფრ. ბოპი, არნ. ჩიქობავა...), ა. შანიძემ ამ ენებს “ქამესური’’ ენებიც უწოდა.

ასევე სინონიმური ტერმინებია: ჭანური (ნ. მარი, არნ. ჩიქობავა...) და ლაზური (გ. როზენი, ჰ. შუხარდტი, ა. მეიე, ჟ. დიუმეზილი), ზანური (მეგრულ-ლაზურის აღსანიშნავად შემოიღო არნ. ჩიქობავამ) და კოლხური (ა. შანიძე).

აფხაზურ-ადიღური ჯგუფის ენებს ივ. ჯავახიშვილი უწოდებდა “სინდურ ენებს’’. ასევე სინონიმებია: ადიღური და ჩერქეზული, ბაცბური და წოვა-თუშური, ხუნძური და ავარიული, კაპუჭური და ბეჟიტური და სხვ.

“იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია არის ნაწილი ენათმეცნიერების ისტორიისა; ცხადია, მასში უნდა გაირჩეს იმდენი პერიოდი, რამდენიც - ენათმეცნიერების ისტორიაში’’, - წერდა არნ. ჩიქობავა. მეცნიერის შეფასებით, პირველი პერიოდი ფილოლოგიური გრამატიკების შექმნის პერიოდია. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველური და კავკასიური ენებიდან გრამატიკული მიმოხილვა და ლექსიკონი ყველაზე ადრე ქართულისათვის შედგა, როგორც ისტორიულად ერთადერთი სალიტერატურო ენისა.

     ისტორიულ-შედარებითი მეთოდით ქართველური ენების შესწავლის პირველი მცდელობა წარმოდგენილია ფრანგი ორიენტალისტის მარი ბროსეს ნაშრომში “ქართული გრამატიკა’’ (1834), რომელშიც გამოითქვა მოსაზრება ქართულის ინდოევროპულ ენებთან ნათესაობის შესახებ. ქართველური და კავკასიური ენების შედარებითი ანალიზია მოცემული გ. როზენის ნაშრომებში. ისტორიულ-შედარებითი კვლევა-ძიების შედეგად გამოითქვა რამდენიმე თვალსაზრისი ქართველური და მთის კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ. აღსანიშნავია ფრ. ბოპის ქართველურ ენათა ინდოევროპულ ოჯახთან ნათესაობის დებულება, მაქს მიულერის თეორია კავკასიურ ენათა “თურანულობის’’ შესახებ, ფრ. მიულერის შეხედულება კავკასიურ ენათა განკერძოებულობის შესახებ, ასევე პ. უსლარის, ჰ. შუხარდტის, ად. დირის ფუნდამენტური შრომები კავკასიური და ქართველური ენების სტრუქტურის საკითხებზე. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში საინტერესო კვლევები მიმდინარეობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოღვაწეობდნენ დ. ჩუბინაშვილი, ალ. ცაგარელი, ნ. მარი.

განსაკუთრებით საინტერესოდ წარიმართა ქართველური და მთის კავკასიური ენების შესწავლა XX ს-ში. ერთი მხრივ, 1918 წელს თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებამ ბიძგი მისცა ეროვნული საენათმეცნიერო სკოლის ჩამოყალიბებას, რომელმაც განსაზღვრა ამ ენათა კვლევის სტრატეგია, რომელიც საუკეთესოდ წარმოჩინდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჯერ ენის (1946), შემდგომ ენათმეცნიერების (1950) ინსტიტუტში.  მეორე მხრივ, ფართოდ გაიშალა ამ მიმართულებით მუშაობა უცხოეთშიც. ფასდაუდებელია კ. ჩენკელის, ფ. ცორელის, ჰ. ფოგტის, გ. დეეტერსის, კ. შმიდტის, ფ. ნაისერის, ი. იედლიჩკას,    ჟ. დიუმეზილის, კ. ბოუდას, უ. ალენის, იულ. მესაროშის, ა. კოდპერსის, რ. ლაფონის შრომები ქართველური და კავკასიური ენების შესახებ. ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩრდილო კავკასიის სამეცნიერო ცენტრების მუშაობა (სათანადო კადრების მომზადების საქმეში დიდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის წვლილი).

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე არაერთი უცხოელი ქართველოლოგი იკვლევდა ქართველურ ენებს. აღსანიშნავია გ. კლიმოვისა და ჰ. ფეინრიხის  ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონები.  ასევე, ვინფ. ბოედერის, ბერ. უტიეს, ი. გიპერტის, ა. ჰარისის, კ. ტიუტის, კ. ვამლინგის და სხვათა ფასდაუდებელი საქმიანობა, ერთი მხრივ, ქართველურ ენათა ცალკეულ საკითხთა შესწავლაში, მეორე მხრივ, ქართული წერილობითი ძეგლების (V ს-იდან დღემდე)  შესწავლისა და დოკუმენტირება-დიგიტალიზაციის თვალსაზრისით. აღსანიშნავია მოსკოვისა და პეტერბურგის სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე კვლევები ქართველური და კავკასიური ენების ამა თუ იმ პრობლემატიკაზე.

 შეიძლება ითქვას, რომ XXI ს-ის დამდეგს ძირითადად ქართველურ და     კავკასიურ ენათა გრამატიკის კარდინალური საკითხები დამუშავებულია. დღის წესრიგში დგას შედარებითი გრამატიკების, ლექსიკონებისა და შემაჯამებელი მონოგრაფიების მომზადება (ამ მხრივ პირველი საინტერესო გამოკვლევებია: მ. ჩუხუას “იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა’’, 2006 წ. და მ. ქურდიანის “იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები’’, 2007 წ.). საჭიროა ამ ენათა მონაცემების ელექტრონული კორპუსის შექმნა, კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრება, ინტერდისციპლინარული და მულტიდისციპლინარული კვლევებისათვის ხელის შეწყობა კავკასიის რეგიონის ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების წარმოსაჩენად.