კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

გადასახადები სახელმწიფოს არსებობისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. გადასახადი, მართალია, არ წარმოადგენს ბიუჯეტის ფორმირების ერთადერთ წყაროს, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში მას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. არსებობს საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი სახის გადასახადები.

პირდაპირი გადასახადი წესდება უშუალოდ შემოსავალზე ან ქონებაზე, რასაც დაბეგვრის პირდაპირ ფორმას უწოდებენ. ამ სახის გადასახადებს მიეკუთვნება:

საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გულისხმობს ფიზიკური პირის შემოსავლის დაბეგვრას. მოქმედი კანონმდებლობით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვრულია 25 პროცენტით; რაც შეეეხება დივიდენდებიდან და პროცენტებიდან მიღებულ შემოსავლებს, იბეგრება – 10 პროცენტით.

მოგების გადასახადი, რომლითაც იბეგრება იურიდიული პირის მოგება. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული გადასახადის განაკვეთი განსაზღვრულია 15 პროცენტით.

ქონების გადასახადი, რომელიც გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების დაბეგვრას. მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვარი – 1 პროცენტამდე. აღნიშნული ზღვრის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე გადასახადის განაკვეთი.

არაპირდაპირი გადასახადი წამოადგენს დაბეგვრის ისეთ ფორმას, როდესაც კანონმდებლობით დადგენილ გადასახადს საქონლის ან მომსახურების შეძენისას იხდის მომხმარებელი. ამ ტიპის გადასახადები შედიან საქონლის ფასში ან მომსახურების ტარიფში და საქონლის მფლობელს საქონლის რეალიზაციიდან მიღებული გადასახადის ოდენობა შეაქვს ბიუჯეტში. არაპირდაპირ გადასახადებს მიეკუთვნება:

აქციზი – დაწესებულია ცალკეულ საქონელზე და კანონმდებლობით იხდის საქონლის მწარმოებელი ან იმპორტიორი. აქციზის გადასახადის განაკვეთი განსხვავებულია საქონლის სახეობების მიხედვით.

დამატებითი ღირებულების გადასახადი – დაწესებულია საქონლისა და მომსახურების ყველა სახეობაზე (თუ განთავისუფლებული არ არის კანონმდებლობით) და გადაიხდება საქონლის ბრუნვის ნებისმიერ ეტაპზე. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, დღგ-ს განაკვეთი განსაზღვრულია 18 პროცენტით.

საბაჟო გადასახადი – განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობით და გადაიხდება საქონლის იმპორტიორის მიერ. იგი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებისათვის და გამოითვლება საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების მიხედვით.

იმის მიხედვით, თუ ვინ განსაზღვრავს ამა თუ იმ გადასახადის დაწესებას ან/და შემოღებას, განასხვავებენ საერთო-სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გადასახადებს.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:

საშემოსავლო გადასახადი

მოგების გადასახადი

დამატებითი ღირებულების გადასახადი

აქციზი

საბაჟო გადასახადი

ადგილობრივი გადასახადია ქონების გადასახადი.

საქართველოში საბანკო სისტემა საკმაოდ კარგად განვითარებული და სტაბილურია. ბანკები ემსახურებიან როგორც კერძო, ისე იურიდიულ პირებს. აქ თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა მომსახურება მიიღოთ ძალიან სწრაფად და თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით. მაგალითად, შეიტანოთ ანაბარი, ანუ თქვენი დანაზოგი და მიიღოთ პროცენტი ანუ გარკვეული ფინანსური სარგებელი.

საქართველოს ბანკები გასცემენ სხვადასხვა ტიპის სესხებსაც. საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საშუალო ფენას მიეკუთვნება, ხშირად სარგებლობს იპოეთეკური ან სამომხმარებლო სესხით. სესხის დამტკიცების პროცედურა საკმაოდ მარტივია და თუ მომხმარებლის ფინანსური შემოსავალი სტაბილურია და კარგი საკრედიტო ისტორია აქვს, ბანკები უარს არ ამბობენ სესხის გაცემაზე. გადახდის პირობები და სქემა წინასწარაა ცნობილი კლიენტისათვის.

ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ ფულადი გზავნილების განხორციელებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

ინდივიდუალური სეიფები კიდევ ერთი შეთავაზებაა ბანკებისააგან. თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ და საიმედოდ შეინახოთ დოკუმენტები, თანხა, ძვირფასეულობა, აგრეთვე ყველა ის ნივთი, რომლის შენახვაც არ ეწინააღმდეგება ბანკის საფინანსო კომიტეტის მიერ დადგენილ წესს.

ბანკები კიდევ ერთ მოსახერხებელ სერვისს სთავაზობენ თავიანთ კლიენტებს - ეს არის სალომბარდო სესხი იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს სასწრაფოდ დასჭირდება თანხა. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, სესხის უზრუნველყოფა ხდება ოქროთი, ვერცხლით ან ძვირფასი ქვებით.

თანამედროვე მომხმარებელი სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებს ინტერნეტბანკინგს, რადგან ის არის თანამედროვე და მოსახერხებელი გზა ჩვენი საბანკო ანგარიშების ონლაინმართვისა და კონტროლისათვის. ინტერნეტის საშუალებით შეგვიძლია შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიშები და შევასრულოთ გარკვეული საბანკო ოპერაციები. კერძოდ:

მივიღოთ ინფორმაცია ჩვენს ანგარიშებზე, ანაბრებზე, სესხებზე, საკრედიტო ბარათებსა და დაგროვების პროგრამებზე;

გადავიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები;

შევავსოთ მობილურის ბალანსი;

გადავრიცხოთ თანხები საქართველოში და საზღვარგარეთ;

შევამოწმოთ და ამოვბეჭდოთ ჩვენი ანგარიშების ამონაწერი;

ვნახოთ ხელმისაწვდომი და დაბლოკილი თანხები ჩვენს ანგარიშზე;

დავბლოკოთ/განვბლოკოთ ბარათი;

შევიტანოთ სასესხო განაცხადი;

გავაკეთოთ სასესხო ამონაწერი.

საქართველოს საბანკო სისტემა მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე, თანამედროვე და ეფექტურ სისტემად რეგიონში.