კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

გიორგი ისტორიის მუზეუმში მუშაობს. მან სამი წლის წინ დაამთავრა უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტი და ახლა მაგისტრატურაში სწავლობს.

გიორგის ძალიან უყვარს თავისი პროფესია. ის სტუდენტობის დროს მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში და ახლაც დადის ხოლმე მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად.

გიორგის და, მარიამი, მასწავლებელია. ის სკოლაში ასწავლის ისტორიას. მას დიდი ხანია უნდა თავისი მოსწავლეების ისტორიის მუზეუმში წაყვანა.

გიორგი მარიამს შეჰპირდა, რომ შაბათს თვითონ დახვდებოდა მუზეუმში და ბავშვებს ექსპონატებს დაათვალიერებინებდა.

შაბათ დღეს მარიამი მოსწავლეებთან ერთად ისტორიის მუზეუმში მივიდა. გიორგი მათ კიბეებთან დახვდა და შიგნით შეიყვანა.

უცებ გიორგის დაურეკეს თავისი განყოფილებიდან. თურმე ჯგუფი გათხრებზე მიდიოდა და გიორგიც უნდა წაჰყოლოდა მათ.

გიორგიმ ბავშვებთან ექსკურსიამძღოლი მიიყვანა და უთხრა მათ, რომ გიდი დაათვალიერებინებდა მუზეუმს.

ექსკურსიამძღოლი ახალგაზრდა ქალი იყო და მაია ერქვა.

მაიამ ისინი წაიყვანა პირველი დარბაზისაკენ. თავდაპირველად მან მუზეუმის შესახებ ისაუბრა.

მან თქვა, რომ სიტყვა მუზეუმი ბერძნულია და ნიშნავს მუზების ტაძარს. მუზეუმში გამოფენილია წარსულისა თუ თანამედროვე ცხოვრების დამახასიათებელი მნიშვნელოვანი მასალა, ნიმუშები.

მუზეუმები მრავალგვარია. არსებობს ისტორიის, ხელოვნების, ეთნოგრაფიული და სხვა სახის მუზეუმები.

მუზეუმში შეიძლება ნახო ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურებიც, თურმე თოჯინების მუზეუმიც კი არსებობს.

ბავშვებმა უთხრეს, რომ ისინი ნამყოფნი იყვნენ ხელოვნების მუზეუმში და ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ, ასევე ახალციხის მუზეუმში.

დაიწყო ექსკურსია.

ბავშვებმა დაათვალიერეს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ექსპონატები. მათ განსაკუთრებით მოეწონათ ეთნოგრაფიული დარბაზი, რომელშიც ძველი ქართული საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი იყო გამოფენილი.

ამის შემდეგ მაიამ ისინი ოქროს ფონდში ჩაიყვანა. ოქროს ფონდი თითქმის ყველა ცნობილ მუზეუმს აქვს. იქ განსაკუთრებით ძვირფასი ისტორიული ნივთები ინახება _ ერის საგანძური.

ისტორიის მუზეუმის ოქროს ფონდი ბავშვებს ძალიან მოეწონათ, ისევე როგორც ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი.

ექსკურსია დიდხანს გაგრძელდა. ბავშვებს ოქროს ფონდიდან ამოსვლა აღარ უნდოდათ.

ორშაბათს სკოლაში ისევ თავიანთ შთაბეჭდილებებზე საუბრობდნენ.

მარიამი დაჰპირდა თავის მოსწავლეებს, რომ მათ არქეოლოგიურ გათხრებზე წაიყვანდა და აჩვენებდა, როგორ მუშაობენ არქეოლოგები.

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.
  • დაწერეთ, რომელ მუზეუმში ხართ ნამყოფი და რა დაათვალიერეთ.

 

უპასუხეთ კითხვებს:

სად მუშაობს გიორგი?

რა პროფესიისაა გიორგის და?

რატომ ვერ დაათვალიერებინა გიორგიმ ბავშვებს მუზეუმი?

ვინ დაათვალიერებინა მოსწავლეებს მუზეუმი?

სად ინახება ერის საგანძური?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 59P1

 

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 59P2