_ ბატონო გურამ, თქვენ უკვე არაერთი წელია, სხეულის ენაზე მუშაობთ. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ჩვენი გადაცემის მაყურებელს გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება.

_ დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს.

_ ცნობილია, სხეულის ენის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში ჟესტები სხვადასხვაგვარად აღიქმება.

_ აბსოლუტურად მართალია. მაგალითად, თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მას უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და არ არის აუცილებელი, ყოველთვის რამის დადასტურებას ნიშნავდეს. ცნობილია, რომ თვალებით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა, ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ამიტომ, ეცადეთ, მათ არ მიაშტერდეთ.

_ მიუხედავად სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სხეულის ენის“ არსებობისა, არსებობს საერთო, უნივერსალური ენა, რომლის ამოცნობითაც ჩვენ მივხვდებით, თუ რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე, სიამოვნებს თუ არა ჩვენთან ურთიერთობა და ა..

_ რა თქმა უნდა. თუკი ადამიანს საგნები სხეულის წინ უჭირავს, მაგ., ყავის ფინჯანი, ხელჩანთა და მსგავსი რამ, ესე იგი, ეს პიროვნება მორცხვი და თავშეკავებულია.

როგორც წესი, ქედმაღლობასა და სიამაყეს გამოხატავს დოინჯშემორტყმული პოზა. ასეთი ჟესტი მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში შეგიძლიათ გამოიყენოთ და არავითარ შემთხვევაში - საქმიან შეხვედრაზე.

_ როგორ უნდა აგრძნობინოთ სხეულის ენით ადამიანს, რომ მასთან საუბარი და ურთიერთობა გსიამოვნებთ?

_ როდესაც მოსაუბრეს არ უყურებთ პირდაპირ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ან არ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთობა, ან არ გაინტერესებთ, რასაც გეუბნებათ. საინტერესო და სახალისო საუბრის დროს მოსაუბრეები ერთმანეთის მიმართ სწორ და პირდაპირ პოზიციაში დგანან და არა გვერდულად. როდესაც ადამიანს სიამოვნებს და აინტერესებს მეორე ადამიანთან ურთიერთობა, ის ინარჩუნებს თვალებით კონტაქტს ურთიერთობის მთელი დროის 60%-ზე მეტხანს. რაც უფრო ფართოდ გახელილია თვალი, მით მეტია ინტერესი.

_ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ყველაზე საინტერესო ხელის ჩამორთმევაა.

_ ნამდვილად ასეა. თუ მისი ხელი შენს ხელზე ზევიდან მოექცა, ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე ხაზს უსვამს შენზე უფროსობას. თუ ორივე ხელით მოგესალმა და შენი ერთი ხელი მოიქცია, არ გეგონოს, რომ სითბოს გამოხატავს. პირიქით, გეუბნება, აღარაფერი გამოგივა, შენზე მაღლა ვარ რანგით და რასაც გეტყვი, უნდა დაიჯეროო.

_ დიდი მადლობა, ბატონო გურამ, საინტერესო და პრაქტიკული რჩევებისათვის!

_ მადლობა თქვენს გადაცემაში მოწვევისათვის.