კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

თანამედროვე საქართველოში ძალიან პოპულარულია ახალგაზრდა თაობის ქართველ მწერალთა და პოეტთა შემოქმედება. მათი ნაწარმოებები, ძირითადად, ჩვენი ცხოვრების ყველაზე აქტუალურ, მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხებს ეხება. თანამედროვე ქართველი მწერლები, ერთი მხრივ, აგრძელებენ თავიანთი ლიტერატურული წინაპრების ტრადიციებს. ამავე დროს, ისინი საკუთარი, სრულიად ორიგინალური აზროვნებითაც გამოირჩევიან.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მწერლის, დავით (დათო) ტურაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ჯინსების თაობა, რომელშიც აღწერილია საბჭოთა საქართველოში თვითმფრინავის გატაცების გამო დატრიალებული ტრაგედია. დათო ტურაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ქართული ლიტერატურული კონკურსის, „საბას“, ლაურეატი. გარდა მისი ავტორობით შექმნილი ნაწარმოებებისა, დიდი პოპულარობით სარგებლობს დათო ტურაშვილის ნათარგმნი პროზაული და პოეტური ნაწარმოებები.

აკა მორჩილაძე გიორგი ახვლედიანის ფსევდონიმია. მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრებია: "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" (1995), "მოგზაურობა ყარაბაღში" (1992), "აგვისტოს პასიანსი" (2001), "სხვანი" (2002), "შობის ღამის ალქაჯები" (2002), "სანტა ესპერანსა" (2004), მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან", „გაქრები მადათოვზე", „ვეშაპი მადათოვზე") (1998-2004) და სხვ. აკა მორჩილაძის ნაწარმოებები შეიცავს პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ელემენტებს. სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია პრესტიჟული ლიტერატურული პრემიებით. არის „საბას“ რამდენიმეგზის გამარჯვებული.

ანა კორძაია–სამადაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მწერალი ქალია, რომელიც სწორედ ქალური ემოციურობითა და უშუალობით ამბობს თავის სათქმელს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: რომანი „ვინ მოკლა ჩაიკა“ და მოთხრობების კრებული მე, მარგარიტა“. წერს სცენარებს და თარგმნის ევროპული ენებიდან. ორჯერ იყო ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი. მიღებულია აქვს, აგრეთვე, გოეთეს ინსტიტუტის ჯილდო საუკეთესო თარგმანისათვის.

დავით ქართველიშვილი ქართველი პროზაიკოსი და ესეისტია. მას თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ავტორად მიიჩნევენ. მწერლის პირველივე მოთხრობების კრებულმა „პოპური“ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და მიიღო პრემია „წინანდალი“ (2001 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი). ქართველიშვილის რომანი "იყო საღამო, იყო დილა" 2006 წელს გამოიცა. ეს რომანი კლასიკური ფორმის ტექსტია, რასაც ვერ ვიტყვით დავით ქართველიშვილის სხვა რომანებზე.

გაგა ნახუცრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქართველი პოეტია. მის ლექსებში ჩანს ძლიერი ემოციები, ავტორის საინტერესო სულიერი სამყარო. მის მრავალფეროვან ლექსებში თითქოს ერთმანეთშია არეული რეალური და არარეალური, სინამდვილე და სიზმარი. გაგა ნახუცრიშვილი არის საბას" ლაურეატი (2003) და ავტორი არაერთი პოეტური კრებულისა.

რატი ამაღლობელის პოეზია ერთდროულად ახლობელი და უცხოა, გასაგები და იდუმალია. რატიმ პოეზიის დამფასებელთა სიყვარული ბუნებრივად, მარტივად დაიმსახურა. ის ყოველთვის გულწრფელად წერს, ისე, როგორც განწყობა და არსებული მდგომარეობა კარნახობს. რატი ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ლიტერატურულ გამოცემებში. დაჯილდოებულია რამდენიმე ლიტერატურული პრემიით.