_ გუშინ ტელევიზორში გადაცემა იყო ევროპის ქვეყნების სახელმწიფო მმართველობის ფორმების შესახებ. ჟურნალისტმა კითხვა დასვა, რატომაა, რომ ერთი სახელმწიფო რესპუბლიკური, ხოლო მეორე - მონარქიული მმართველობის ფორმისაა, ერთი სახელმწიფო ფედერაციულია, ხოლო მეორე - უნიტარული და ა.შ., ე.ი. რატომ არის, რომ სახელმწიფოებს მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის სხვადასხვა ფორმა აქვთ?

_ სხვადასხვა მიზეზის გამო. არ გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ, ისტორიაში, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა ფაქტორები, რომელთა გავლენითაც ყალიბდება სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ისტორიულ და ეროვნულ ტრადიციებს, მოსახლეობის კულტურული და სოციალური განვითარების დონეს, არსებულ საერთაშორისო ვითარებას და სხვა.

_სიმართლე გითხრა, არ მახსოვდა, ახლა კი ნელ-ნელა მახსენდება. მგონი, მასწავლებელმა ინგლისისა და საფრანგეთის მაგალითების შედარება დაგვავალა. მახსოვს, ინტერნეტში ვეძებდით მასალებს.

- კარგად მახსოვს, ჩვენი პროექტის თემა იყო „სახელმწიფო მმართველობის ფორმები“. მე, შენ და გიორგიმ მოვამზადეთ ერთად. ინგლისი და საფრანგეთი ერთმანეთს შევადარეთ იმ თვალსაზრისით, რომ ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში ინგლისის ბურჟუაზია არ იყო ისეთი მკაცრი და რადიკალური, როგორიც საფრანგეთის ბურჟუაზია ფეოდალიზმთან ბრძოლაში. ამის შედეგად ინგლისში ბურჟუაზია ფეოდალებთან გარკვეულ დათმობებზე წავიდა, რაც გამოიხატა კონსტიტუციური მონარქიის დამყარებაში, ხოლო საფრანგეთში ფეოდალიზმი სრულად განადგურდა და საფრანგეთის ბურჟუაზიამ თავისი პოლიტიკური ბატონობა რესპუბლიკური მმართველობის ფორმით გამოხატა.

_ მგონი, ქვეყნების ეთნიკური შემადგენლობისა და ტერიტორიული მოწყობის საკითხებიც გვქონდა განხილული, არა?

- კი, სწორად გახსოვს. პროექტში აღნიშნული გვქონდა, რომ სახელმწიფოს ფორმაზე ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ასე მაგალითად, თუკი მრავალენოვან სახელმწიფოში სხვადასხვა ერებს აქვთ მისწრაფება, ჰქონდეთ თავიანთი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, შეიძლება, რომ ქვეყანა ტერიტორიული მოწყობის მიხედვით ფედერაციულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

- მახსოვს, გერმანიის მაგალითიც მოვიყვანეთ, მაგრამ არ მახსოვს, რა კონტექსტში.

- გერმანიის მაგალითი იმის საჩვენებლად მოვიყვანეთ, თუ რა გავლენას ახდენს სახელმწიფოს ფორმაზე ქვეყნის ისტორიული განვითარების ტრადიციები, მაგალითად, გერმანია, ეროვნული შემადგენლობის გათვალისწინებით, წესით, უნიტარული სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, მაგრამ იგი ფედერაციულია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს შეიძლება აიხსნას ამ ქვეყნის ისტორიული განვითარების ტენდენციებით. გერმანია საუკუნეების განმავლობაში დაქუცმაცებული იყო პატარ-პატარა გერმანულ სახელმწიფოებად და ფედერაციული მოწყობა ყველაზე შესაფერისი აღმოჩნდა ქვეყნისათვის.

- გახსოვს, როგორ მოეწონათ ჩვენი დავალება? სხვათა შორის, ეს იყო პირველი პრეზენტაცია, რომელიც პაუერპოინტის პროგრამაში მოვამზადეთ.

- რა თქმა უნდა, მახსოვს. ისიც მახსოვს, როგორ ვწვალობდით, მაგრამ საბოლოოდ კარგი პროექტი გამოგვივიდა.