კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

გუშინ თამარი პირველად წავიდა სამსახურში. ერთი კვირის წინ ის გასაუბრებაზე იყო. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა და თამარი სამსახურში მიიღეს.

ის ახლა ტურისტული სააგენტოს თანამშრომელია. მუშაობა დაიწყო მენეჯერის თანამდებობაზე.

დღეს, მუშაობის პირველ დღეს, დირექტორმა შეაქო თამარი:

_ყოჩაღ, ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა დღემ, ასე გააგრძელეთ! _ უთხრა მან თამარს სამუშაო დღის ბოლოს.

თამარი ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა სახლში. მან თავის ძმას უამბო პირველი დღის ამბები.

_უჰ, რა კარგია! ძალიან მიხარია! _ თქვა მისმა ძმამ, _ იმედია, ასევე გააგრძელებ მუშაობას.

_მეც იმედი მაქვს, ვნახოთ! _ უპასუხა თამარმა.

_ნეტავ მეც მალე დავიწყო მუშაობა! _ინატრა თემურმა.

_ეჰ, ნეტავ მართლა მალე დაიწყო მუშაობა, რა კარგი იქნებოდა!_ ჩუმად თქვა თამარმა.

_ხვალ გასაუბრებაზე დამიბარეს, ერთ-ერთ დიდ საწარმოში ფინანსისტის თანამდებობაა თავისუფალი!

_კონკურსი დიდია?

_კი, ძალიან დიდია, ბევრი განცხადებაა, მაგრამ ხვალისთვის მხოლოდ სამი კაცი დაგვიბარეს გასაუბრებაზე.

_ ეს უკვე კარგია! მეტი შანსია.

_გეთანხმები. მე მშვიდად ვარ, ფინანსისტობა ხომ ჩემი პროფესიაა და პრაქტიკაც დიდი მაქვს.

_ იმედი მაქვს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.

_მეც.

_ხვალ რომელი საათისთვის ხარ მისასვლელი გასაუბრებაზე?

_დილის თერთმეტ საათზე იქ უნდა ვიყო.

_სად არის ეს საწარმო?

_დიღმის მასივშია.

_ადრე უნდა ადგე, რომ არ დააგვიანო.

_კი, მაღვიძარას დავაყენებ.

_სამივე თერთმეტი საათისთვის დაგიბარეს?

_არა, ეს არ ვიცი, ალბათ ასე იქნება.

_იცნობ დანარჩენებს?

_არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმათაც კარგი მონაცემები ექნებათ.

_მთავარია, გასაუბრებაზე არ დაიბნე.

_არა მგონია, ვეცდები მშვიდად ვიყო.

_წარმატებას გისურვებ!

_დიდი მადლობა!

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • წერილობით გადმოეცით ტექსტი მესამე პირში.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 
_როდის წავიდა თამარი პირველად სამსახურში?

_სად იყო თამარი ერთი კვირის წინ?

_როგორ ჩაიარა გასაუბრებამ?

_რისი თანამშრომელია ახლა თამარი?

_რა თანამდებობაზეა თამარი?

_ვინ შეაქო თამარი?

_ვის უამბო პირველი დღის ამბავი თამარმა?